ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მრჩეველი, ლაშა საკანია პატრიოტთა ალიანსის წევრებთან შეხვედრის გამო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ საკანიამ Facebook-ზე დაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საკანიას თქმით, მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
"ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 18 აგვისტოს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ საზოგადოებაში არ გავზარდოთ ტემპერატურა, გადაწყვეტილი მაქვს, რომ საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ განცხადება დავწერო.
ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ მე ყოველთვის და ყველგან ვიცავდი და დავიცავ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს!" - წერს ლაშა საკანია Facebook-ზე.
ცნობისთვის, საკანიამ 24 აგვისტოს დაადასტურა, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთში მდებარე ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩაიტანეს. მოგვიანებით აფხაზეთში ვიზიტი თავად ირმა ინაშვილმაც დაადასტურა.
აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია და "ოპოზიციური ძალა" "არუაა" აცხადებდა, რომ მსგავსი შეხვედრები დაუშვებელია.